
ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, როცა კონკრეტული ტექნოლოგიის რეგულირების აუცილებლობაზე ის საუბრობს, ვინც თავად ზრუნავს მის განვითარება. ამ შემთხვევაში OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორზე, სემ ალტმანზე მაქვს აქცენტი — მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის რეგულირება მალე უნდა დავიწყოთ, ვიდრე გვიანი იქნება.
როგორც ალტმანი ამბობს, უახლოეს 10 წელში ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაასწრებს. იმ სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, რომლითაც AI ვითარდება, მომდევნო ათი წლის განმავლობაში მისი შესაძლებლობები ადამიანისაზე მაღალი უნდა იყოს. ამიტომაც ფიქრობს სემი, რომ მომავალში ეს სისტემები კიდევ უფრო ქმედუნარიანი გახდება — სავარაუდოდ, ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) კონცეფციასაც გასცდება.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, მაიკროსოფტის მკვლევრების ნაშრომის მიხედვით, GPT-4-მა დიდ პროგრესს მიაღწია საღი აზრის ჩამოყალიბების მხრივ. ასევე, მას ადამიანის მსგავსი მსჯელობა შეუძლია. ამის ფონზე, ალტმანმა საზოგადოებას „ეგზისტენციალურ რისკზე“ დაფიქრებისკენ მოუწოდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა გამოწვეული.